ისტორია
ისტორია
„ჩვენ კარგად გვქონდა გააზრებული, რომ გზა ქუჩიდან საზოგადოებისაკენ საკმაოდ ვიწრო და რთული იქნებოდა, ამავე დროს ეს გზა არის იმედის, რომელიც ბავშვთა გულებისკენ მიდის. სწორედ ამიტომ დაერქვა ჩვენს ორგანიზაციას „ბილიკი“ დევიზით – ვეძიოთ ბავშვთა გულებისკენ სავალი გზები.”რა თქმა უნდა, რეალურ ცხოვრებაში მათთან ურთიერთობის დამყარება და ნდობის მოპოვება საკმაოდ რთული იყო. ჩვენი თავდაპირველი სურვილი იყო მიგვეცა ამ ბავშვებისთვის საკვები, ტანსაცმელი და გვესწავლებინა ელემენტარული წერა-კითხვა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. გარემო, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ (ქუჩა, სახლი), არასასურველ გავლენას ახდენდა მათ ფსიქიკაზე. ამიტომ ორგანიზაციაში ეტაპობრივად ჩამოყალიბდა და განვითარდა სხვადასხვა სამსახურები, სადაც დღეს უკვე ნებისმიერ ბავშვს ეწევა საგანმანათლებლო, პროფესიული, სოციალური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარება. ამასთან, „საზოგადოება ბილიკმა“ მოიცვა ყველა ის სფერო, რომელთანაც ბავშვს უწევს შეხება – ეს არის ოჯახი, საზოგადოება და სკოლა.