2011 წლიდან ორგანიზაცია „საზოგადოება ბილიკი“ აქტიურად არის ჩართული ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამაში (Access) და ამ წლების განმავლობაში ასობით წარმატებული ახალგაზრდა აღზარდა.
დღეს კიდევ ერთი თაობა გვემშვიდობება – მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს ინგლისური ენის ორწლიანი პროგრამა და ერთად აღნიშნეს ეს მნიშვნელოვანი მიღწევა. გვჯერა, რომ დღევანდელი კურსდამთავრებულებიც უამრავ სიახლესა და პოზიტიურ ცვლილებას შეიტანენ საკუთარ ცხოვრებაში.
პროგრამის ფარგლებში გაიმართა ხუთდღიანი საზაფხულო სკოლა, რომელმაც მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, შეეჯამებინათ ორწლიანი სასწავლო კურსი, მონაწილეობა მიეღოთ სახალისო და ინტერაქტიულ აქტივობებში, გაეძლიერებინათ კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები და კიდევ უფრო მეტად გაცნობოდნენ ამერიკულ კულტურასა და ტრადიციებს.
მრავალფეროვანი აქტივობებით, საინტერესო შეხვედრებითა და გუნდური მუშაობით დატვირთული დღეები სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიებით დასრულდა.
ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა საქართველოში ხორციელდება ამერიკული ორგანიზაციის PH International-ის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. შიდა ქართლში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა „საზოგადოება ბილიკი“.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პროგრამის პედაგოგებსა და ჩვენს პარტნიორს – PH International (Project Harmony)-ს, რომელთა მხარდაჭერით ეს წარმატება შესაძლებელი გახდა.
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ სექტემბრიდან კვლავ გვექნება შესაძლებლობა, მივიღოთ ახალი ჯგუფი, რომელიც მომდევნო ორ წელიწადს ცოდნისა და განვითარების გზაზე გაატარებს.


