2023 წლის 3 ივლისს, ქ. მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მარნეულის მუნიციპალიტეტთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პარტნიორი ორგანიზაცია TENENET-ის წარმომადგენელი მარსელა ჰაჯთმანკოვა (სოციალურ ქსელის მეშვეობით) მიესალმა შეხვედრის მონაწილეებს და იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.
„საზოგადოება ბილიკის“ ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა საბჭოს წევრებს პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციები გააცნო.
შეხვედრის მონაწილეებმა სამუშაო ჯგუფებში მუშაობისას განიხილეს შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტების პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერების და საბჭოს ეფექტური მუშაობის საკითხები, შემდეგ დაგეგმეს სამომავლო ღონისძიებები და მოამზადეს ერთწლიანი სამოქმედო გეგმა შშმ პირთა დასაქმებისა და მხარდაჭერის მიმართულებით.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწოფო პროგრამებზე ისაუბრეს.
„დღევანდელი შეხვედრა ჩემთვის და საბჭოს წევრებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, მოგვეცა შესაძლებლობა გამოცდილების გაზიარების, ხოლო პროექტის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობა ხელს შეუწყობს საბჭოს აქტიურ და წარმატებულ მუშაობას“ – აღნიშნა შეხვედრის დასასრულს შორენა კრაველიძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრმა. შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის თანამშრომლები.