დასრულდა ბორჯომში გამართული შეხვედრები, რომელიც “საზოგადოება ბილიკის” ორგანიზებით რეგიონული მედიის და საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლებთან მიმდინარეობდა.
რამდენიმე დღიანი შეხვედრების დროს მთავარი აქცენტები შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობისა და მათი უფლებების დაცვის საკითხებზე გაკეთდა.
სამუშაო ნაწილი კი დაეთმო შშმ პირთა დასაქმების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობის და საკანონმდებლო საკითხების განხილვას. ნეო ტვ-დან გასვლით შეხვედრებს ირინა ხმიადაშვილი ესწრებოდა.
“როდესაც ვსაუბრობთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობაზე, სწორედ ასეთი პრობლემების მოგვარებით უნდა ვიყოთ დაკავებულები, არაფრის მომცემი პოლიტიკური კინკლაობის/გამონათქვამების გაშუქების ნაცვლად. მედიას უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება და სწორედ ამ როლის გააზრებაში დაგვეხმარა ბორჯომში გატარებული დღეები, სადაც თითოეულმა შესაბამისი სავარჯიშოებით/სიმულაციებით განვასახიერეთ ჩვენს გარშემო არსებული რეალობა, თუ რა სირთულეებს ხვდებიან შშმ პირები გადაადგილებისას, ურთიერთობებისას, სამუშაო ადგილების ძიებისას და ა.შ. ხშირად საზოგადოების ეს ჯგუფები იმდაგვარადაა წარმოდგენილი, რომ მკითხველსა თუ მაყურებელში სიბრალულის განცდას აღძრავს, რაც ვფიქრობ არასწორია. პირიქით, როგორც მედიის წარმომადგენლებმა წარმატებული შშმ პირები უნდა მოვძებნოთ და მათი მაგალითების გაშუქებით ვაჩვენოთ, რომ მათ შეუძლიათ. თუ კი ქვეყანაში თანასწორუფლებიანობის დამკვიდრებას ვემსახურებით ასეთი საკითხები ყოველთვის უნდა გვქონდეს საქმიანობის დღის წესრიგში”, – აღნიშნა შეხვედრის დასასრულს ირინა ხმიადაშვილმა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა ტრენინგის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები შეაჯამეს. შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ტარდება პროექტის “შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაცია საქართველოს შრომის ბაზარზე” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ “საზოგადოება ბილიკი” და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ი Slovak Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: https://neotv.ge