23–24 ოქტომბერს “საზოგადოება ბილიკმა“ შიდა პროფესიული კონფერენცია: „ერთი წლის გამოცდილება — მიღწევები, გამოწვევები და განვითარების ხედვა“ გამართა, რომელშიც გორისა და ხაშურის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრებისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის მიზანი იყო ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი პროფესიული გამოცდილების გაზიარება, მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების გაანალიზება, განვითარების საჭიროებების გამოკვეთა და გუნდებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
კონფერენციის პირველ დღეს მონაწილეებმა იმსჯელეს ადრეული ჩარევის მნიშვნელოვან საკითხებზე: ოჯახებთან მუშაობის ეთიკურ პრინციპებზე, ოჯახზე ცენტრირებულ მიდგომაზე, რეფერირებაზე და ბავშვის საგანმანათლებლო გარემოში გადასვლის პროცესზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქცევის ფუნქციურ შეფასებას, სენსორულ რეგულაციას, ABA-ს, რეაბილიტაცია-აბილიტაციის პრაქტიკას და თერაპიული მიზნების რეალურ სასწავლო შედეგებად გარდაქმნას. სპეციალისტებმა საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკაში მიღებული ცოდნა კოლეგებს გაუზიარეს.
პანელური დისკუსიის ფარგლებში გორისა და ხაშურის ცენტრების კოორდინატორებმა და მშობელთა კლუბის ხელმძღვანელმა ისაუბრეს ცენტრების ერთწლიანი საქმიანობის მიღწევებზე, გამოწვევებსა და სამომავლო ხედვაზე.
დისკუსია გაგრძელდა ბავშვზე ზრუნვის პროგრამისა და ორგანიზაციული განვითარების დონეზე არსებული სიახლეებისა და სამომავლო პრიორიტეტების განხილვით. საერთო მსჯელობამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი დაგეგმვის მნიშვნელობა.
კონფერენციის მეორე დღეს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროგრამა ასევე მოიცავდა ექსკურსიას- ვარძიის მონახულებას, რამაც პროფესიულ შეხვედრას შემეცნებით და არაფორმალური ელფერი შესძინა.
“საზოგადოება ბილიკისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული განვითარება მხოლოდ ცოდნის მიღებას არ გულისხმობდეს — ის უნდა ქმნიდეს სივრცეს თანამშრომლების მოსაზრებების მოსასმენად, გამოწვევებზე ერთობლივად საპასუხოდ და ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ნაკლების ჩვენება


